საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბუქარესტში
6-8 ივლისს, დაზვერვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო ფორუმში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ვლადიმერ ჩაჩიბაიასა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით ზილფიმიანის შემადგენლობით ბუქარესტს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრები რუმინეთის ოფიციალურ პირებთან: რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლაე ჩუკასთან, ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან სიმონა კოჟოკარუსთან, ასევე, რუმინეთის დეპუტატთა პალატისა და სენატის საგარეო პოლიტიკის კომიტეტების თავმჯდომარეებთან, როზალია-იბოლია ბიროსა და ტიტუს კორლაცეანთან და დეპუტატთა პალატის თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან, პაველ პოპესკუსთან.
ასევე, შეხვედრა გაიმართა ბუქარესტში ევრო-ატლანტიკური მედეგობის ცენტრში (E-ARC), სადაც ცენტრის პრეზიდენტმა, ოვიდიუ რაეცკიმ დელეგაციის წევრებს გააცნო ცენტრის სტრუქტურა და მისი მუშაობის სპეციფიკა. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.