Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქალაქ ბუქარესტის ცენტრალურ პარკში შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხსნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სერიის ფარგლებში,  ქალაქ ბუქარესტის უმთავრეს, მეფე მიხაი პირველის სახელობის პარკში (ყოფილი ჰერასტრაუს პარკი) საზეიმოდ გაიხსნა დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ბიუსტი. 

ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს რუმინეთში ვიზიტად მყოფმა ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ქალაქ ბუქარესტის გენერალურმა მერმა, ნიკუშორ დანმა, საქართველოს ელჩმა რუმინეთში,  ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, იულიან ფოტამ. ელჩმა აუდიტორიას გააცნო საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით. 

გამომსვლელებმა ისაუბრეს შოთა რუსთაველის ეპიკური პოემის, „ვეფხისტყაოსნის“, როგორც მსოფლიო ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშზე, საქართველო-რუმინეთს შორის არსებულ მჭიდრო კულტურულ და ხალხთაშორის კავშირებზე, ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში ამ დღის მნიშვნელობაზე. 

ცერემონიის ფარგლებში, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ვარლაამმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად ქართველი პოეტის ბიუსტი აკურთხა. 

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, „საქართველოსა და მოლდოვის რეპუბლიკის მეგობრობის ცენტრისა“ და რუმინეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ფართო აუდიტორია.