საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთში
11 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვია. საქართველოდან ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი თეონა აქუბარდია და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა რუმინელ კოლეგასთან, კლაუს იოჰანისთან. პრეზიდენტებმა განიხილეს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის დამყარების შესახებ დეკლარაციას. პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
ამავე დღეს, საქართველოს პრეზიდენტი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლაე ჩუკას შეხვდა და მასთან საქართველო-რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა. დადებითად აღინიშნა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობა.
საქართველოს პრეზიდენტს ასევე უმასპინძლეს დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ მარჩელ ჩიოლაკუმ და რუმინეთის სენატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ალინა გეორგიუმ. რუმინეთის საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
პრეზიდენტმა წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერიც მოინახულა და მონასტერს საჩუქრად წმინდა ნინოს ხელნაწერი ხატი გადასცა.
12 ოქტომბერს, სალომე ზურაბიშვილი რუმინეთის საპორტო ქალაქს ეწვია და შეხვედრა გამართა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რუმინეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და კონსტანცის პორტის ადმინისტრაციასთან. განხილულ იქნა რუმინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და ორი ქვეყნის პორტებს შორის რეგულარული საზღვაო-საბორნე ხაზის ამოქმედების საკითხი.