საქართველოს დელეგაციის ვიზიტი რიმნიკუ-ვილჩაში
27-28 სექტემბერს, რუმინეთის რიმნიკუ-ვილჩას არქიეპოსკოპოსის, ვარსანუფიეს მოწვევითა და რუმინეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, რუმინეთს ეწვია საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, არქიმანდრიტი გრიგოლ ქურციძე, მღვდელი საბა გიქოშვილი, დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი, მონაზონი აღაპია ბეშიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ანტონ ობოლაშვილი და ახალციხის საბავშვო-ფოლკლორული ანსამბლის, „ირმისას“ წევრები.
27 სექტემბერს, რუმინული ეკლესიის მიერ წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს, ქართველმა სასულიერო პირებმა მონაწილეობა მიიღეს წმინდა ლიტურგიაში, რომელიც რიმნიკუ-ვილჩას საკათედრო ტაძარში გაიმართა. ლიტურგიის შემდეგ, ანსამბლ „ირმისას“ წევრებმა შეასრულეს ქართული სიმღერები, ხოლო იმავე საღამოს, კონცერტი გამართეს რიმნიკუ-ვილჩას საარქიეპისკოპოსოს შენობაში. საქართველოს დელეგაციამ მოინახულა კოზიასა და გოვორას მონასტრები, სადაც შემონახულია წმინდა ანთიმოზ ივერიელის სიცოცხლის დროინდელი ფრესკები.
ვიზიტის მეორე დღეს, საქართველოს დელეგაცია ბუქარესტს ეწვია, მოინახულა ანთიმოზ ივერიელის მონასტერი, საპატრიარქოს საკათედრო ტაძარი და რადუ ვოდას მონასტერი, სადაც საბავშვო ანსამბლ „ირმისას“ წევრებმა შეასრულეს ქართული საგალობლები. ანსამბლმა დიდი მოწონება დაიმსახურა რუმინული აუდიტორიის წინაშე.