მისასალმებელი სიტყვა
მისასალმებელი სიტყვა
მოგესალმებით რუმინეთში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე!
როგორც საქართველოს პირველი ქალი ელჩი რუმინეთში, ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგენდე საქართველოს ქვეყანაში, რომელთანაც ხანგრძლივი და მჭიდრო ისტორიული კავშირები, საერთო ღირებულებები და მისწრაფებები გვაკავშირებს.
საქართველო-რუმინეთის ისტორიული მეგობრობა 300 წელს ითვლის და ქრისტიანულ-მართმადიდებლურ ტრადიციებს ეფუძნება. ამ მეგობრობის გამორჩეული სიმბოლოა რელიგიური და საზოგადო მოღვაწე ანთიმოზ ივერიელი (1650-1716), რომელიც საქართველოს და რუმინეთის ეკლესიების მიერ წმინდანადაა შერაცხული.
აღსანიშნავია, რომ რუმინეთმა 1921 წლის 18 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა de jure სცნო, ასევე რუმინეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც 1991 წლის 27 აგვისტოს, საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. ამ პერიოდის შემდეგ ჩვენი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება.
რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუმინეთი ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული და აქტიური მხარდამჭერია ყველა დონეზე. ამ კუთხით, ნიშანდობლივია, რომ რუმინეთი იყო ევროკავშირის პირველი წევრი სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა საქართველო- ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება 2014 წლის 3 ივლისს.
სულ ახლახან, ახალი ფურცელი გადაიშალა ჩვენი ქვეყნების ორმხრივი თანამშრომლობის ისტორიაში: 2022 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას საქართველოს და რუმინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების შესახებ. სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ახალი შესაძლებლობები იხსნება ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებისათვის როგორც პოლიტიკურ, ისე თავდაცვის და უსაფრთხოების, ტრანსპორტის (განსაკუთრებით საზღვაო სფეროში), ენერგეტიკის და ადამიანებს შორის ურთიერთობების კუთხით.
ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა ისტორიული ნაბიჯი: 17 დეკემბერს ბუქარესტში გაფორმდა ისტორიული შეთანხმება მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც უპრეცენდენტოდ გაზრდის შავი ზღვის რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის შესაძლებლობებს. საქართველო, განახლებადი ენერგეტიკული პოტენციალისა და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, საკვანძო ქვეყანა ხდება მწვანე/სუფთა ენერგიის გენერირებისა და გადაცემის თვალსაზრისით. ეს კი ნიშნავს, რომ ახლა შავი ზღვა ის ევროპული ხიდია, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის მეშვეობით საქართველოს, როგორც საიმედო და საჭირო პარტნიორს, კიდევ უფრო დააახლოებს ევროკავშირთან!
ახალი გეოპოლიტიკური რეალობისა და ამოცანების გათვალისწინებით ორი საზღვაო ქვეყნისა და ისტორიული მეგობრის - საქართველოსა და რუმინეთის პარტნიორობა სრულიად ახალ მნიშვნელობას იძენს.
საქართველოს საელჩოს ამოცანაა მაქსიმალური ძალისხმევა მოახმაროს ამ შესაძლებლობების რეალურ შედეგებად გადაქცევას.
საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ და სოციალური ქსელების Facebook-ისა და Twitter-ის გვერდებზე საშუალება გექნებათ რეგულარულად გაეცნოთ მასალებს ბუქარესტში საქართველოს საელჩოს საქმიანობის, საქართველოსა და რუმინეთის ორმხრივი ურთიერთობების, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, აგრეთვე, საქართველოს კულტურის, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ.
კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით ინტერესისათვის და გისურვებთ მშვიდობას ჯანმრთელობას, და კეთილდღეობას!
საუკეთესო სურვილებით,
თამარ ბერუჩაშვილი
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში