ორმხრივი ურთიერთობები
დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია
საქართველოსა და რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 25 ივნისს.
2004 წელს გაიხსნა საქართველოს საელჩო რუმინეთში
2000-2004 წლებში რუმინეთის გადაფარვა ხორციელდებოდა უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიერ.
თანამშრომლობის ძირითადი სფეროები
საქართველოსა და რუმინეთს შორის ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება.
ქვეყნებს შორის არსებული სამართლებრივი ბაზა არეგულირებს თანამშრომლობის თითქმის ყველა მიმართულებას, მათ შორის, ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საზღვაო ვაჭრობის, კულტურის, მეცნიერების, სპორტის და სხვა სფეროებს. თანამშრომლობის პრიორიტეტული დარგებია ვაჭრობა, ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი.
აღსანიშნავია, რომ საქართველო, მოლდოვასა და სერბეთთან ერთად, რუმინეთის განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამაში (Official Development Assistance) პრიორიტეტული ქვეყნების სიაშია. რუმინეთმა საქართველოში ორმხრივი პროექტების განხორციელება 2007 წლიდან დაიწყო.
საკანონმდებლო ორგანოებს შორის დინამიური ურთიერთობის პრაქტიკა არსებობს, ფუნქციონირებს საქართველოსა და რუმინეთის პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფები.
რუმინეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებს. აღსანიშნავია, რომ რუმინეთი ევროკავშირის წევრი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებების რატიფიცირება მოახდინა. რუმინეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ არაერთხელ იქნა დადასტურებული მხარდამჭერი განცხადებებით.
საქართველოს და რუმინეთის გამაერთიანებელ კულტურულ-ისტორიულ სიმბოლოს წარმოადგენს წმინდა ანთიმოზ ივერიელი, - ქართველი მწიგნობარი, საეკლესიო და პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც მთელი თავისი მოღვაწეობა რუმინეთის კულტურის აღორძინების საქმეს მიუძღვნა და დიდი წვლილი შეიტანა რუმინული სალიტერატურო ენის განვითარებისა და წიგნის ბეჭდვის საქმეში.