Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქართულ-რუმინული ურთიერთობების 300 წელი

საქართველო და რუმინეთი, 2019 წელს, ქართულ-რუმინული ურთიერთობების 300 წლოვან ურთიერთობებს აღნიშნავენ, თუმცა, ეს არ არის ზუსტი თარიღი და მისი ათვლა XVII-XVIII საუკუნეების მიჯნიდან შეიძლება დაიწყოს. ამ ორი ხალხის მეგობრული ურთიერთობები სამ ბრწყინვალე სვეტზე დგას: წმ. მოწამე ანთიმოზ ივერიელი - ქართული წარმოშობის რუმინელი სასულიერო და სახელმწიფო მოღვაწე, მიტროპოლიტი უნგროვლახეთისა (†1716), წმ. მოწამე კონსტანტინე ბრინკოვეანუ - ვლახეთის მთავარი (†1714) და ვახტანგ VI ბაგრატიონი - ქართლის გამგებელი და მეფე (†1737). როგორც ისტორიას სჩვევია, ამ სამივე გამორჩეულმა პიროვნებამ თავისი ამქვეყნიური ცხოვრება ტრაგიკულად დაასრულა, მაგრამ მათ დატოვეს დიდი საქმეები, რომელთაც მომავალი თაობები მუდამ გაიხსენებენ და იამაყებენ. ამ საქმეთა შორის არის ქართულ-რუმინული ურთიერთობებისთვის მყარი საძირკვლის ჩაყრა, რომელიც თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, პირველი ქართული სტამბის დაარსებაში გამოიხატა. აქვე უთუოდ გვერდს ვერ ავუვლით იპოდიაკონ მიხაი სტეფანეშვილს, რუმინელ მესტამბეს, ანთიმოზ ივერიელის საუკეთესო მოწაფეს, რომელიც კონსტანტინე ბრინკოვეანუს და ანთიმოზის მიერ გაგზავნილ იქნა საქართველოში და პირადად ხელმძღვანელობდა ქართული სტამბის გამართვას და წიგნების ბეჭდვას და, ასევე, ქართლის კათალიკოს დომენტი IV-ს, ვახტანგ VI-ის უმცროს ძმას, რომელსაც თავისი წვლილი უნდა შეეტანა ორი ერის ურთიერთობაში. ქვემოთ მოყვანილია ამ ფაქტებთან დაკავშირებული ქრონოლოგია და ძირითადი სამეცნიერო ბიბლიოგრაფია:

  • c. 1650 - საქართველოში დაიბადა ანთიმოზ ივერიელი, ერისკაცობაში ანდრია;
  • 1654 - დაიბადა კონსტანტინე ბრინკოვეანუ;
  • c. 1670 - სამშობლოდან გატაცებული ანდრია სტამბულის ტყვეთა ბაზარზე გამოისყიდა იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოზემა, რის შემდეგაც ის ბერად აღიკვეცა ანთიმოზის სახელით;
  • 1675 - დაიბადა ვახტანგ VI; 
  • 1688 - კონსტანტინე ბრინკოვეანუ გახდა ვალახიის მთავარი;
  • c.1688-1689 - ვახტანგ VI-ის ძმა დომენტი (ქართლის მომავალი კათალიკოსი) იერუსალიმშია, პატრიარქ დოსითეოზთან, სადაც, სავარაუდოდ, ბერად აღიკვეცა;
  • 1689-90 - ვალახიის მთავრის კონსტანტინე ბრინკოვეანუს თხოვნით ანთიმოზი დასახლდა რუმინეთში, სადაც შეისწავლა რუმინული ენა და შეისწავლა სატიპოგრაფიო საქმე;
  • 1691 - ანთიმოზი დაინიშნა ვალახიის მთავრის ტიპოგრაფიის ხელმძღვანელად ბუქარესტში;
  • 1694-1701 - ანთიმოზი გახდა სნაგოვის მონასტრის იღუმენი, სადაც ასევე დაარსა ტიპოგრაფია;
  • 1701 - ანთიმოზი ბრუნდება ბუქარესტში და კვლავ სათავეში უდგება სამთავრო ტიპოგრაფიას;
  • 1703 - ვახტანგ VI დაინიშნა ქართლის გამგებლად (ჯანიშინად);
  • c. 1704 - ვახტანგ VI-ის ძმამ დომენტიმ (სავარაუდოდ, იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოზთან ერთად) იმოგზაურა ვლახეთსა და მოლდოვაში, რა დროსაც უნდა გაეცნო ანთიმოზ ივერიელი და გაჩენილიყო თბილისში სტამბის დაარსების იდეა;
  • 1705 - ანთიმოზი გახდა რიმნიკუს ეპისკოპოსი და იქაც დააარსა ტიპოგრაფია;
  • 1705 - ვახტანგ VI-ის ძმა დომენტი გახდა ქართლის კათალიკოსი; 
  • c. 1705-1706 - ვახტანგ VI-ის მიმოწერა კონსტანტინე ბრინკოვეანუსთან ტფილისში ქართული სტამბის დაარსების თაობაზე და მცოდნე კაცის გამოგზავნის თხოვნით; 
  • 1707 - ტიპოგრაფი მიხეილ სტეფანეშვილი (იშტვანოვიჩი), ანთიმოზის საუკეთესო მოწაფე, კონსტანტინე ბრინკოვიანუს დავალებით, გაემგზავრა ვალახიიდან ტფილისში სტამბის დასაარსებლად და თან წაიღო საამისოდ საჭირო ყველა მოწყობილობა და საბეჭდი ქაღალდი;
  • 1708 - ანთიმოზ ივერიელი ხდება უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტი და ტირგოვიშჩეში აარსებს სტამბას;
  • 1709 - ტფილისის სტამბაში მიხეილ სტეფანეშვილის ხელმძღვანელობით დაბეჭდა ქართული სახარება; 
  • c. 1709-1710 - პირველი ქართული ნაბეჭდი სახარების ორი ეგზეპმლარი საჩუქრად იგზავნება ანთიმოზთან,რომელიც მათ ყდაში სვამს და წარწერით უძღვნის კონსტანტინე ბრინკოვიანუს მადლიერი ქართველი ხალხის სახელით; 
  • 1712 - ვახტანგ VI ირანის შაჰმა ისპაჰანში დაიბარა და ოთხი წელი ფაქტიურ ტყვეობაში ამყოფა;
  • 1712 - მიხეილ სტეფანეშვილი ტოვებს საქართველოს;
  • 1714 - კონსტანტინე ბრინკოვეანუ თავის 4 ვაჟთან და სიძესთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა სტამბულში;
  • 1716 - ანთიმოზ ივერიელი მოწამეობრივად აღესრულა ადრიანოპოლთან (დღევანდელი ქ. ედირნე თურქეთში);
  • 1716 - ვახტანგ VI ქართლში დაბრუნდა და გამეფდა;
  • 1724 - ვახტანგ VI ირანელთა ზეწოლით ტოვებს საქართველოს და რუსეთში მიემგზავრება;
  • 1737- ასტრახანში, რუსეთში დევნილებაში გარდაიცვალა ვახტანგ VI.