ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციამ, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, შეხვედრები გაიმართა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გაიმართა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობისა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შეხვედრები გაიმართა რუმინეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის მოადგილე ვასილე-დანიელ სუჩიუსთან, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარ შტეფან მუშოიუსთან და კომიტეტის წევრებთან.
შეხვედრები ასევე შედგა ევროპულ და სტრატეგიულ საკითხებში რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნებთან იულიან ფოტასა და დანიელა გიტმანთან. საუბრის მთავარი თემა იყო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და მოლოდინები, ევროკავშირთან ურთიერთობებში რუმინეთის გამოცდილების გაზიარება, აგრეთვე საქართველოსა და რუმინეთს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და შავი ზღვის დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
რუმინეთის პარლამენტის წევრებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა გამოხატეს და მზაობა გამოთქვეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარი აქტიურად დაუჭირონ.