დაიწყო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ბუქარესტში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით.
დაიწყო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ბუქარესტში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით.
ვიზიტის პირველ დღეს, რუმინეთის სენატმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას, ორივე პალატის 5 კომიტეტის (სენატის ევროპულ საქმეთა, საგარეო პოლიტიკის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები; დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტები) გაერთიანებულ სხდომაზე უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ რუმინეთის პარლამენტი პირველად შეიკრიბა ამ ფორმატში - სენატისა და დეპუტატთა პალატის მრავალპარტიული შემადგენლობით, საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე სასაუბროდ. გაერთიანებულ სხდომაზე დელეგაციის ხელმძღვანელი, მაკა ბოჭორიშვილი მოხსენებით წარსდგა თემაზე: პროგრესი და გამოწვევები საქართველოს ევროპულ გზაზე.
სესიას რუმინეთის მხრიდან წარუძღვა სენატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, კრისტიან ცაგარლაში.
ვიზიტის ფარგლებში დღეს შეხვედრა შედგა სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ვასილე დინკუსთან, რა დროსაც პირველად, ხელი მოეწერა საქართველოს პარლამენტის ევროპული ინტეგრაციის კომიტეტსა და რუმინეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმის თანახმად მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ერთობლივი ინიციატივების განხორციელების, საპარლამენტო კავშირების განვითარებისა და დიალოგის გაღრმავების კუთხით, მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში რუმინეთის გამოცდილების გაზიარების, შავი ზღვის ფარგლებში ხელშეწყობისა და მჭიდრო სტრატეგიული კავშირების გაძლიერების მიმართულებით.
ხვალ დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრები რუმინეთის დეპუტატთა პალატაში, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის მოადგილე ვასილე-დანიელ სუჩიუსა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე შტეფან მუშოიუსთან.
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტისას შეხვედრა გაიმართება რუმინეთის საგარეო უწყებაშიც, სტრატეგიულ საკითხებში სახელმწიფო მდივან იულიან ფოტასთან. იგეგმება აგრეთვე დელეგაციის ხელმძღვანელის ორმხრივი შეხვედრა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო მდივანთან ევროპულ საკითხებში დანიელა გიტმანთან.
ქართულმა დელეგაციამ ბუქარესტში ვიზიტისას მოინახულა ანთიმოზ ივერიელის მონასტერი.

