საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საელჩოს გამოხმაურება რუმინეთში რუსეთის ფედერაციის ელჩის განცხადებაზე 3+3 ფორმატში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით

საქართველოს საელჩო რუმინეთში ეხმაურება რუმინეთში რუსეთის ფედერაციის ელჩის, ვალერი კუზმინის განცხადებას 3+3 ფორმატში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით. 

9 თებერვალს, რუსეთის ელჩმა, საელჩოში გამართულ ვიდეო პრეს-კონფერენციაზე, რუსეთის დიპლომატიის ერთგვარი ანალიზის გაკეთებისას, ისაუბრა ე.წ. 3+3 რეგიონულ ფორმატზე და საკითხი ისე წარმოაჩინა, თითქოს საქართველო ამ ფორმატის მონაწილეა.

გვსურს, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ საქართველოს პოზიცია 3+3 რეგიონულ ფორმატთან დაკავშირებით და განვაცხადოთ ის, რაც უკვე მრავალჯერ იყო გაცხადებული, რომ საქართველო არ არის აღნიშნული ფორმატის მონაწილე ქვეყანა, მით უფრო, არც მის პირველ, მოსკოვში 10 დეკემბერს, ჩატარებულ შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა, როგორც ამას რუმინეთში რუსეთის ფედერაციის ელჩი აღნიშნავდა. 

კიდევ ერთხელ, მკაფიოდ ვადასტურებთ საქართველოს პოზიციას და ვაცხადებთ, რომ საქართველო არ აპირებს ხსენებულ პლატფორმაში მონაწილეობას რუსეთის ფედერაციასთან ერთად, რომელსაც საქართველოს ორი განუყოფელი ნაწილი – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი აქვს ოკუპირებული.