საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რუმინეთში საქართველოს ელჩის, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის მონაწილეობა კონფერენციაში

11 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, სპიკერების რანგში, მონაწილეობა მიიღეს სამდღიან კონფერენციაში, სახელწოდებით "შავი ზღვის რეგიონში, რუმინეთის, როგორც უსაფრთხოების პროაქტიული მიმწოდებლის პროფილის მქონე ქვეყნის კონსოლიდაცია“.  

კონფერენციის პირველ დღეს, მთავარი მომხსნებლის რანგში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველო და რუმინეთს შორის საერთო და რეგიონული ინტერესების თემებზე არსებულ სტრატეგიულ დისკუსიებს, მათ შორის, ნატოში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით და ისაუბრა საქართველოს საბოლოო მიზანზე, გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.

გამოსვლისას ელჩმა აღნიშნა, რომ წელს რუმინეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დე-იურე აღიარების 100 წლისთავს აღვნიშნავთ, ისევე როგორც რუმინეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აღიარების 30 წლის იუბილეს. 

სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა კონფერენციის აუდიტორიას შეახსენა 2008 წლის აგვისტოს ომი და აღნიშნა, რომ რეგიონში არის მოთამაშე, რომელიც ჩასაფრებულია შავი ზღვის აუზში და ფართო სპექტრის ჰიბრიდულ ომს ახორციელებს. საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციაზე საერთაშორისო დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობას და რუსეთისთვის მუდმივ რეჟიმში შეხსენების საჭიროებას, რათა მან შეწყვიტოს უკანონო და პროვოკაციული ქმედებები საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების მიმართ, დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები, შეასრულოს აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან.