საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი რუმინეთში

30-31 მაისს, რუმინეთს ვიზიტით ეწვია საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით. საქართველოს დელეგაციაში ასევე წარმოდგენილნი იყვნენ პარლამენტარები: ისკო დასენი, რამაზ ნიკოლაიშვილი, ბექა დავითულიანი და ირაკლი ზარქუა; ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, საქართველოს ელჩი რუმინეთში და ეკატერინე დუგლაძე, რუმინეთში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა რუმინეთის სენატის თავმჯდომარესთან, სენატის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესა და კომიტეტის წევრებთან; თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპუტატთა პალატის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესა და ამავე კომიტეტის წევრებთან, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესა და კომიტეტის სხვა წევრებთან. 

ასევე, ქართულმა მხარემ შეხვედრა გამართა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, იულიან ფოტასთან. საგარეო უწყებაში შეხვედრამდე, სამინისტროსა და საელჩოს თანაორგანიზებით, გაიხსნა ერთობლივი გამოფენა, რომელიც საქართველოსა და რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს მიეძღვნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ორი ქვეყნის დიპლომატიურ სარბიელზე განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი ფოტომასალები და დიპლომატური მიმოწერა. 

გამართულ შეხვედრებზე, მხარეებმა ისაუბრეს საკანონდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობებზე, ორმხრივი ვიზიტების დინამიკაზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსზე, რეგიონში რუსეთის ფედერაციის აგრესიასა და რუმინეთის ურყევ მხარდაჭერაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.