საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რუმინეთში საქართველოს ელჩის, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის მონაწილეობა ვებინარში, რომელიც მიეძღვნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებას

2020 წლის 17 ნოემბერს, რუმინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და რუმინეთში საქართველოს საელჩოს პარტნიორობით, გაიმართა ონლაინ პრეზენტაცია (ე.წ „ვებინარი") თემაზე: „საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ბიზნესის სფეროსთვის შეთავაზებული შესაძლებლობები“ (Opportunities offered by the Association Agreement and the Deep and Comprehensive Free Trade Area between the EU and Georgia for the business community). 

პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ რუმინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი, ელჩი ლაზარ კომანესკუ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია, საქართველოს ელჩი რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, საქართველოში რუმინეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დრაგოშ ისპასი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მრჩეველი სავაჭრო საკითხებში, არნე კორტი და ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელი, ელჩი ზვიად ჭუმბურიძე. 
 
ვებინარის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა პანდემიის პერიოდში, სავაჭრო ურთიერთობის გამოწვევები და პერსპექტივები, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გატარებული ღონისძიებები მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ როლი ქართულ-რუმინული სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ევროკავშირის როლი საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო კლიმატის წასახალისებლად, საქართველო, როგორც ევროპული ბაზრისთვის მიმზიდველი ქვეყანა.

თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა ისაუბრა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ პოპულარიზაციისა და ზოგადად, ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობის პროცესში, დიპლომატიის როლზე, ასევე ხსენებული შეთანხმებების გავლენაზე საქართველოს ბიზნესგარემოზე.