საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ბრაშოვის ოლქში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის ვიზიტის თაობაზე

6-7 მაისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ბრაშოვის ოლქის ქალაქებს - ბრაშოვსა და ვიქტორიას ეწვია.

თანამშრომლობის ორმხრივი საკითხების განხილვის მიზნით, ელჩმა შეხვედრა გამართა ბრაშოვის საოლქო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან, ადრიან  გაბორთან, ბრაშოვის ოლქის პრეფექტთან, მარიან-იულიან რასალიუსთან, ქალაქ ბრაშოვის მერთან, ჯორჯ სკრიპკარუსთან, ეროვნული არქივის ბრაშოვის ფილიალის დირექტორთან, ბოგდან-ფლორინ პოპოვიჩთან და ქალაქ ვიქტორიას მერთან, გეორგე კრისტიანთან. 

ვიქტორიას მერთან შეხვედრისას, მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ  ქალაქ ვიქტორიას საქართველოსთან აკავშირებს მეტად საინტერესო ფაქტი: მის სამ მთავარ ქუჩაზე განლაგებული სახლები, რომლებიც გასული საუკუნის 50-იან წლებს მიეკუთვნება, ცნობილი ქართველი არქიტექტორის, ლონგინოზ სუმბაძის პროექტით გაშენდა. დღეს, ქალაქ ვიქტორიას მთავარ ქუჩებზე 60-მდე ქართული სახლი დგას. 

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე, რეგიონებს შორის დაძმობილების შესაძლებლობებზე, ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავებასა და კულტურის, მეცნიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში კავშირების განმტკიცებაზე.