საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დელეგაციის რუმინეთში ვიზიტის თაობაზე

მიმდინარე წლის 9-13 აპრილს, რუმინეთს ეწვია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, მირიან ხოსიტაშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ზაალ აბაშიძე.

ვიზიტის ფარგლებში, 10 აპრილს, ქალაქ რიმნიკუ ვილჩას ანთიმოზ ივერიელის სახელობის ბიბლიოთეკაში გაიხსნა გამოფენა: "პირველი ქართული სტამბა - ქართულ-რუმინული ურთიერთობების სათავეებთან", სადაც წარმოდგენილი იყო ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი უნიკალური წიგნები. უძველესი წიგნების გარდა, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი მწერლებისა თუ პოეტების თარგმანები რუმინულ ენაზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქ. რიმნიკუ ვილჩას და ვალჩეას რეგიონის ხელმძღვანელობა და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ბიბლიოთეკის დირექტორმა, რემუს გრიგორესკუმ, რეგიონული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიან ბუშუმ, რეგიონის პრეფექტმა ფლორიან მარინმა, ქალაქის ვიცე-მერმა, ეუსებიუ ვეცელეანუმ რუმინეთში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა და ხელნაწერთა ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. მხარეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს საქართველოსა და რუმინეთის წინაშე  ანთიმოზ ივერიელის დამსახურებასა და იმ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ამ ორ ქვეყანას დღესაც აერთიანებს.  

11 აპრილს, საქართველოს დელეგაცია რუმინეთის  აკადემიის იშვიათი წიგნების დეპარტამენტს ეწვია. დელეგაციის წევრებს, დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლორენზა პოპესკუს თანხლებით, შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ რუმინული ხელნაწერებისა და ძველი წიგნების განყოფილებაში დაცული ის მასალები,  რომელთაც კავშირი აქვთ საქართველოსა და კერძოდ, ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობასთან. 

ამავე დღეს, დელეგაციის წევრები ეწვივნენ ძველი რუკებისა და წიგნების მუზეუმს და შეხვედრა გამართეს მუზეუმის დირექტორთან, კრისტინა ტომასთან. მხარეებმა განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

12 აპრილს,  საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა რუმინეთის ეროვნული ბიბლიოთეკის მოვალეობის შემსრულებელთან, კარმენ მიხაიუსთან. დელეგაცია გაეცნო რუმინეთის ეროვნული ბიბლიოთეკის სტრუქტურას, სხვადასხვა სამკითხველო დარბაზებს, მუშაობის სპეციფიკას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში, რუმინეთის ეროვნული ბიბლიოთეკის მრავალკულტურულ დარბაზში მოეწყობა (რომელზეც მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს) „ქართული წიგნების კუთხე“, სადაც განთავსდება სხვადასხვა სახის ლიტერატურა საქართველოს შესახებ, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რიმნიკუ ვილჩას ანთიმოზ ივერიელის ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, იგეგმება ანთიმოზ ივერიელი ივერიელის სახელობის ცენტრის გახსნა, სადაც თავს მოიყრის საღვთისმეტყველო და საერო ხასიათის ლიტერატურა რუმინულ და სხვა უცხო ენებზე.