საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის მიერ რუმინეთში განხორციელებული ვიზიტის თაობაზე

მიმდინარე წლის 3-4 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი რუმინეთს ეწვია. ვიზიტის პირველ დღეს, რუმინეთში საქართველოს საელჩოში, შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველო-რუმინეთის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ და მათ გაღრმავებაში დიასპორის წარმომადგენელთა როლს გაუსვა ხაზი. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სახით არსებულ გამოწვევას.

ასევე, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე დემოკრატიული, ევროპული ტიპის საქართველოს ჩამოყალიბებაში დიასპორის უმნიშვნელოვანეს როლზე და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ დიასპორასთან კავშირების გაღრმავება დაასახელა. მან ისაუბრა ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის ინიციატივებზე, რაც ხელს უწყობს დიასპორის გაძლიერებას და სამშობლოსთან მათი კავშირის განმტკიცებას. დავით ზალკალიანის თქმით, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ვალდებულნი არიან ყოველდღიურ კომუნიკაციაში იყვნენ დიასპორასთან.

საუბარი შეეხო საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას და იმიჯის ამაღლებას, რუმინეთთან კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას, მათ შორის, რუმინელი ტურისტების საქართველოთი დაინტერესების საკითხს. 

 

ვიზიტის მეორე დღეს, 4  მარტს, გაიმართა საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც გაფორმდა ბუქარესტის დეკლარაცია კასპია-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე. 
 
ოთხი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა დააფიქსირეს მათი სახელმწიფოების პოლიტიკური ნება რეგიონში ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარების თაობაზე.
დეკლარაციის ხელმოწერისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული მარშრუტის მნიშვნელობას დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ სატრანზიტო სქემაში და აღნიშნეს, რომ ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირება ორი ზღვის მეშვეობით ყველაზე მოკლე და რენტაბელური მარშრუტია აქამდე არსებულ სატრანსპორტო ქსელებში. ასევე აღინიშნა ახალ სამარშრუტო ხაზში ერთ-ერთი მონაწილის სახით რუმინეთის - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ჩართულობა, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის შემდგომ აქტიურ მონაწილეობას სატრანსპორტო მარშრუტში. 

 

აღსანიშნავია, რომ რუმინეთი ამჟამად გახლავთ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, როგორც რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეოდორ მელეშკანუმ აღნიშნა მოცემული სატრანსპორტო მარშრუტი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ევროკავშირი - ცენტრალური აზიის თანამშრომლობის სტრატეგიაში, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში დამტკიცდება.
 
მარშრუტის განვითარების მიზნით, შეიქმნება ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეათანხმებს ტექნიკურ ასპექტებს, მოახდენს პროცედურების ოპტიმიზაციას, ხელს შეუწყობს ტარიფების ჰარმონიზაციას და საბაჟო პროცედურების გამარტივებას.
 
ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა ოთხივე ქვეყნის სატრანსპორტო, განსაკუთრებით კი საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ მხრივ აღინიშნა ფოთის პორტის მოდერნიზაცია და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება.
 
ქართული მხარის მიერ ხაზი გაესვა, რომ საქართველოს, როგორც რეგიონის ლოგისტიკური ცენტრის გაძლიერება, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით, ხორციელდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ლაპის ლაზულის სატრანსპორტო დერეფანი, ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობა და განვითარება, სპარსეთის ყურე - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი, ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი და სხვა.
 
შავი ზღვა - კასპიის ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ინიცირება გასულ წელს მოხდა. 2018 წლის 24-25 ოქტომბერს, ქ. აშხაბადში გაიმართა კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის თაობაზე ექსპერტთა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ხსენებული ქვეყნების წარმომადგენლები.
 
ახლად დაფუძნებულ ოთხმხრივი შეხვედრების ფორმატში რუმინეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და მომდევნო მინისტერიალი თურქმენეთის გაიმართება.