საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია რუმინეთის ქალაქ იაშში რუმინულ-ქართული კულტურის დღის გამართვის თაობაზე

24 იანვარს, იაშის მერიის ორგანიზებითა და საელჩოსთან თანამშრომლობით, რუმინეთის ქალაქ იაშში გაიმართა რუმინულ-ქართული კულტურის დღე, რომლის ფარგლებშიც, იაშის ისტორიულ ცენტრში გაიხსნა ქართველი პოეტისა და დიპლომატის, ბესიკის ბიუსტი (მოქანდაკე დავით მაისურაძე).

ასევე, გაიმართა ბესიკის რუმინულ ენაზე თარგმნილი ლექსების კრებულის მეორე გამოცემის პრეზენტაცია და გაიხსნა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ბესიკის ეპოქის რუმინეთი და საქართველო. ამავდროულად, იაშის ათენეუმმა უმასპინძლა კიდევ ერთ გამოფენას, რომელიც მიეძღვნა თბილისისა და ქუთაისის თანამედროვეობას, სახელწოდებით „თბილისი/ქუთაისი - კულტურა გვაახლოვებს“. პრეზენტაციას ესწრებოდნენ კულტურის ცნობილი მოღვაწეები და ლიტერატურის კრიტიკოსები.


ქართული მხარიდან, რუმინულ-ქართული კულტურის დღის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს ესწრებოდნენ რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, ქალაქ იაშის მერი მიხაი კირიკა, საქართველო-რუმინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი და ქუთაისის მერიის დელეგაცია მერის, გიორგი ჭიღვარიას ხელმძღვანელობით. ღონისძიების ფარგლებში, გაფორმდა შეთანხმება ქალაქ იაშისა და ქალაქ ქუთაისის დამეგობრების თაობაზე. შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, ტურიზმი და გარემოს დაცვა. ამ სფეროებში დაგროვილ გამოცდილებას ადგილობრივი საჯარო ადმინისტრირების ორგანოები ერთმანეთს გაუზიარებენ.

25 იანვარს, იაშის წმ. პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ბერბოის ეკლესიაში ჩატარდა ბესიკის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

ქართულ და რუმინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის ლინკები:

პირველი არხი

Youtube

Reginfo

Interpressnews

Ziuanews

24ore

Bzi.ro

Ziaruldeiasi