საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„აღმოსავლეთ პარტნიორობის არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმში“ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მონაწილეობის თაობაზე

15 ნოემბერს საქართველოს ელჩმა რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა მონაწილეობა მიიღო ბუქარესტში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმში“, რომელსაც ესწრებოდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების და რუმინეთის სამთავრობო და არასამთავრობო წრეების, აგრეთვე ბუქარესტში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 ღონისძიებაზე განხილულ იქნა ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკის წინაშე არსებული გამოწვევები და მომავალი პერსპექტივები. ფორუმზე მოწვეულმა ექსპერტებმა საქართველოდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ისაუბრეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე და მომავალ პერსპექტივებზე.


საქართველოს ელჩმა სიტყვით გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ევროპული ინტეგრაციის გზაზე, „ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების“ და მისი თანდართული დოკუმენტის - „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების“, აგრეთვე, შენგენის წევრ-ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლაზე, რომლებმაც მნიშვნელოვნად დაუახლოვა საქართველო ევროპას. ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის უმთავრეს გამოწვევად რჩება. აღინიშნა, რომ არსებული გაჭიანურებული კონფლიქტების მიუხედავად, პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ რეფორმებისა და დემოკრატიზაციის პროცესი. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ 2019 წელს რუმინეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობისას ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ურთიერთობა ახალი სიმძლავრითა და იდეებით დაიტვირთება.