საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მოგესალმებით საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე

საქართველოსა და რუმინეთს ბევრი რამ აერთიანებს, მათ შორის, ჩვენი ისტორია და გეოგრაფია. შავ ზღვასთან განლაგება ამ ორ სახელმწიფოს ბუნებრივად აკავშირებს ერთმანეთთან და ავალდებულებს, სრულად იქნას გამოყენებული ის პოტენციალი, რომელსაც ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა იძლევა.

რუმინელ და ქართველ ხალხს, ასევე, გვაერთიანებს მართმადიდებლური რელიგია და კულტურა, ერთიანი ევროპული ღირებულებები. წინაპართა ამ არჩევანმა  ჩვენი ერების ისტორიულ ბედთა მსგავსებაც განაპირობა. ქართველებისა და რუმინელების საუკუნოვანი მეგობრობის სიმბოლოა წმინდა ანთიმოზ ივერიელი, რომელსაც თანაბრად სცემენ უდიდეს პატივს რუმინეთსა და საქართველოში. რუმინეთის ქალაქ იაშში ჰპოვა საუკუნო განსასვენებელი დიდმა ქართველმა პოეტმა და სახელმწიფო მოღვაწემ, ბესარიონ გაბაშვილმა.

 ახალ ეპოქაში, ჩვენი ხალხების სულისკვეთება გამოიხატა დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისადმი სწრაფვაში. რუმინეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც 1991 წლის 27 აგვისტოს, საქართველოს დამოუკიდებლობა სცნო. თუმცა, უახლოეს ისტორიაში სახელმწიფოებრივი ურთიერთობები ამით არ დაწყებულა: 1919 წელს ბუქარესტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპოლომატიური მისია ფუნქციონირებდა ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის, სოსიპატრე ასათიანის მეთაურობით. მისიაში ასევე, იყვნენ თ. მიხეილ ფაღავა - სამხედრო ატაშე და ანტონ კარპოვიჩი - საელჩოს მდივანი. დიპლომატიური მისია განთავსებული იყო ბუქარესტის ცენტრალურ ქუჩაზე, კალეა ვიქტორიაზე, სასტუმრო მეჯესტიკში. 2018 წლის 25 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის ფარგლებში, რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, რუმინეთის ოფიციალურ პირებთან ერთად, სასტუმრო მეჯესტიკის შენობაზე სამახსოვრო დაფა საზეიმოდ გაიხსნა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიურმა მისიამ მჭიდრო კავშირები დაამყარა რუმინეთის იმდროინდელ პოლიტიკურ და კულტურულ ელიტასთან და მასმედიასთან. შედეგად, რუმინეთმა 1921 წლის 18 თებერვალს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაციამდე რამდენიმე ხნით ადრე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა de jure სცნო. 2018 წელს, საზეიმოდ აღინიშნა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 25 წლისთავი.

1992 წლიდან მოყოლებული ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა დინამიურად ვითარდებოდა. განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი, ასევე ინტენსიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა დარგობრივ სამინისტროებს შორის. დღეს უკვე ორივე მხარე ღიად ვაცხადებთ, რომ დროა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები თანამშრომლობის ახალ ეტაპზე - სტრატეგიული ურთიერთობის ხარისხში გადავიდეს.

რუმინეთი ევროკავშირისა და ნატო-ს ღირსეული და მნიშვნელოვანი წევრია. საქართველომ კი გააფორმა ევროკავშირთან „ასოცირების შეთანხმება“ და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ასპირანტი სახელმწიფოა. საქართველოს ხალხი და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და ჩვენმა ქვეყნებმა ერთად შეძლონ განვითარება თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში. უთუოდ მისასალმებელი ფაქტია, რომ რუმინეთი ერთ-ერთი მტკიცე მხარდამჭერია საქართველოსი ამ გზაზე.  

შავი ზღვის საერთო გეოგრაფიული, ისტორიული და კულტურული არეალისადმი კუთვნილება შესანიშნავ წინაპირობას ქმნის საქართველოსა და რუმინეთის თანამშრომლობისათვის ტურიზმის სფეროში, რომელიც დღეს საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია. სასიხარულოა, რომ ბოლო დროს, სულ უფრო მეტი რუმინელი სტუმრობს ჩვენს ქვეყანას  რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი 2018 წლის 31 ოქტომბრიდან რუმინული ავიაკომპანია „ტარომის“ პირდაპირმა ავიარეისებმა დედაქალაქებს შორის. ეს ასევე გაააქტიურებს ურთიერთობას ბიზნესის, აკადემიური და კულტურის წრეებში მოღვაწე ადამიანებს შორის, რაც ხელს შეუწყობს 300 წლოვანი მეგობრული ურთიერთობების მქონე ქვეყნების მეტად დაახლოებას.

ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი