საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ვიზიტი ბუქარესტში

23 აპრილს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუმინეთს ეწვია და მონაწილეობა მიიღო რუმინეთ-პოლონეთ-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში.  ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა თურქეთის, პოლონეთის, უკრაინისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

მინისტერიალის დასრულების შემდეგ, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. „ჩვენ შევთანხმდით, რომ ნატო-ს შემაკავებელი და თავდაცვითი პოზიციისა და ალიანსის პოლიტიკური განზომილების შემდგომი გაძლიერება, მდგრადობის განმტკიცება და „ღია კარის პოლიტიკის, ისევე როგორც აღმოსავლეთ და დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორების მხარდაჭერა, კვლავაც მნიშვნელოვანია. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ ნატო-ს მუდმივი ინტერესი პარტნიორებთან არსებითი დიალოგის მიმართულებით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ურთიერთობა, ყველა მხარისთვის უნდა დარჩეს მომგებიანი,“ - ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ ხელი მოაწერეს 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ორმხრივ შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა კოლეგას მადლობა გადაუხადა რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალზე საქართველოს და უკრაინის მოწვევის გამო, რაც რუმინეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის მორიგი დემონსტრირებაა.


მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-რუმინეთის ახლო მეგობრობასა და მჭიდრო პარტნიორობას შავი ზღვის რეგიონში, ისევე როგორც რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.