საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია რუმინეთის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში ფოტო და წიგნების გამოფენის გახსნის თაობაზე

2019 წლის  9 ოქტომბერს, რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და რუმინეთის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმთან, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, რუმინეთის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა ფოტო და უნიკალური წიგნების გამოფენა სახელწოდებით:  „კულტურული ურთიერთობების 300 წელი: რუმინეთი-საქართველო“. 

სპეციალურად გამოფენის გახსნისათვის, 2019 წლის 8-9 ოქტომბერს, რუმინეთს ეწვია საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ხელმძღვანელობით. დელეგაციაში ასევე წარმოდგენილნი იყვნენ რუმინეთთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ისკო დასენი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი, სიმონ ნოზაძე. 

გამოფენის გახსნის დღეს, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, სიტყვით მიმართეს რუმინეთის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის დირექტორმა ლივიუ კონსტანტინესკუმ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა დან ნეკულაესკუმ, რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა მიხაი ალექსანდრუ გერგემ, რუმინეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა, ლასლო-ოდონ ფეჟერმა, რუმინეთის პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ირინეოსმა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრმა სიმონ ნოზაძემ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.

გამომსვლელებმა ისაუბრეს ქართულ-რუმინული ურთიერთობების სამსაუკუნოვან ისტორიაზე და ამ ურთიერთობებში ქართული წარმოშობის რუმინელი სასულიერო და სახელმწიფო მოღვაწის, უნგროვლახეთის მიტროპოლიტის - წმ. მოწამე ანთიმოზ ივერიელის, ვლახეთის მთავრის - წმ. მოწამე კონსტანტინე ბრინკოვეანუს, ქართლის გამგებლის ვახტანგ VI ბაგრატიონისა და რუმინელი მესტამბის, იპოდიაკონ მიხაი შტეფანის განსაკუთრებულ როლსა და ღვაწლზე, ასევე ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და იმ კავშირებზე, რომელიც დღეს თანამედროვე საქართველოსა და რუმინეთს ერთმანეთთან ასე აახლოებს.

თავის გამოსვლაში, სახელმწიფო მდივანმა დან ნეკულაესკუმ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა და თავისი ქვეყნის მზადყოფნა, უახლოს მომავალში, საქართველოსთან ურთიერთობები აყვანილ იქნას სტრატეგიულ დონემდე.

აღსანიშნავია, რომ ვახტანგ VI-ის სტამბა თბილისში დაარსდა 1709 წელს და მოქმედებდა 1722 წლამდე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხსენებულ სტამბაში დაბეჭდილი წიგნების სრული კოლექცია საქართველოს საზღვრებს გარეთ გამოიფინა.

 

ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა, გამოფენის გახსნას ესწრებოდა ასზე მეტი მნახველი, მათ შორის, რუმინეთის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და რუმინეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ფართო საზოგადოება. 
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ფართოდ გაშუქდა რუმინულ მედიაში. გამოფენის შესახებ, სტატია გამოქვეყნდა რუმინულ საინფორმაციო სააგენტოს „აგერპრესის“ ვებ-გვერდზე (https://www.agerpres.ro/ots/2019/10/11/300-de-ani-de-relatii-culturale-romania-georgia--640350?fbclid=IwAR3frUkMAYu6YBtKqT31a8l__rzoDFR7HKX2W9ltgE54999O-7t3vawu9Hs), ამასთან, მომზადდა სიუჟეტი რუმინეთის ნაციონალური მაუწყებლისათვის.