საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი რუმინეთში

2019 წლის 8-9 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია რუმინეთს ეწვია და შეხვედრები გამართა რუმინეთის კულტურის სამინისტროში, რუმინეთის დეპუტატთა პალატასა და სენატში. 

ვიზიტის პირველ დღეს, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის მინისტრთან ვალერ-დანიელ ბრეაზთან და კულტურის საკითხებში სახელმწიფო მდივანთან მიხაი ალექსანდრუ გერგესთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, რუმინეთთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ისკო დასენი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი, სიმონ ნოზაძე. 

9 ოქტომბერს, საპარლამენტო დელეგაციის წევრები შეხვდნენ რუმინეთის დეპუტატთა პალატის განათლების, მეცნიერების ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს, სორინ მიხაი კიმპეანუს, რუმინეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტს, ლასლო-ოდონ ფეჟერს და რუმინეთის სენატის, ხელოვნებისა და მასობრივი ინფორმაციების საშუალებების კომიტეტის თავმჯდომარეს, ლუჩიან რომაშკანუს. 

შეხვედრების ფარგლებში, მხარეთა მიერ კმაყოფილებით აღინიშნა 300 წლოვანი ურთიერობების დადებითი დინამიკა და განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საქართველოში რუმინეთის კულტურის ინსტიტუტის დაარსების შესაძლებლობა, სტუდენტთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, ტურიზმის ხელშეწყობა, რეგიონებისა და ქალაქების დამეგობრება, პარლამენტთაშორისი ვიზიტების განხორციელება.