საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ბუქარესტში განხორციელებული ვიზიტის თაობაზე

მიმდინარე წლის 12-13 თებერვალს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში. დელეგაციის შემადგენლობაში აგრეთვე შედოდნენ რუმინეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი და მეგობრობის ჯგუფის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში,პირველი შეხვედრა გაიმართა რუმინეთის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან, ბ-ნ კრისტიან-სორინ დუმიტრესკუსთან და ქ-ნ როზალია-იბოლია ბიროსთან.

შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-რუმინეთს შორის არსებული ორმხრივ ურთიერთობებზე, განსაკუთრებით ხაზი გაესვა პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. განხილვის საგანი იყო აგრეთვე, შავი ზღვის ფორმატში ურთიერთობები და რუმინეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები.

„რუმინეთი არის საქართველოს მხარდამჭერი როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კავშირები საპარლამენტო დონეზეც ვაქციოთ უფრო მყარი და სიღრმისეული, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ რუმინეთი წარმოადგენს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას“, - განაცხადა ქ-ნმა სოფიო ქაცარავამ.

რუმინეთის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბ-ნ ანგელ ტილვერთან შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს რუმინეთის ევროპის საბჭოს პრეზიდენტობისას არსებულ პრიორიტეტებს, განსაკუთრებით ხაზი გაესვა „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკას, აღნიშნულ კონტექსტში. 
ეუთო-ში რუმინეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელთან ვიქტორ პაულ დობრესთან და სენატორ დოინა სილისტრუსთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში წარმოებულ საქმიანობაზე.

აღინიშნა, რუმინეთის საპარლამენტო დელეგაციის ღვაწლი, 2018 წლის ეუთოს ბერლინის შეხვედრაზე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებაში.

 

13 თებერვალს ქართულმა დელეგაციამ შეხვედრა გამართეა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. შეხვედრისას, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე აღნიშნა, რომ რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.
„რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის არის განსაკუთრებული პარტნიორი“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ 300-წლოვან ურთიერთობებზე, რომელიც საფუძვლად უდევს მხარეთა შორის წარმატებულ თანამშრომლობას. საუბარი შეეხო აგრეთვე, შავი ზღვის კონტექსტში თანამშრომლობის გაძლიერებას და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მნიშვნელობას. 
იმავე დღეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მთავრობის სასახლეში შეხვედრა გამართა რუმინეთის ვიცე-პრემიერის მოადგილესთან სტრატეგიული პარტნიორობის იმპლემენტაციის საკითხებში, სიმიონ პურზასთან. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე ასპექტებსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში გადასადმელ შემდგომ ნაბიჯებზე. ქ-ნმა სოფიო ქაცარავამ აღნიშნა, რომ ქართული მხარე მოხარული იქნებოდა, თუკი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავთან დაკავშრებით მიმდინარე წლის ივლისში ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაზე ვიცე-პრემიერი ქ-ნი ანა ბირჩალი და ბ-ნი სიმიონ პურზა მიიღებდნენ მონაწილეობას, ისევე, როგორც რუმინეთის მაღალი დონის სხვა ოფიციალური პირები.

ვიზიტის ბოლოს საქართველოს დელეგაციამ მოინახულა ანთიმოზის მონასტერი და გვირგვინით შეამკო ანთიმოზ ივერიელის ძეგლი.